24 აპრილი, 2021
მინდა მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს ორი წლის განმავლობაში სპიკერის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის.
არჩილ თალაკვაძემ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ. ორი წლის მანძილზე იგი დიდი წარმატებით უძღვებოდა პოლიტიკურ მუშაობას როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც სერიოზული წარმატებები მოუტანა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ქვეყანას.
ამ ორი წლის მანძილზე არჩილ თალაკვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყველა მიმართულებით როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასევე პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში, ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა.
როდესაც არჩილმა გაგვიზიარა საკუთარი გადაწყვეტილება, გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რაშიც ჩართული იყვნენ პარტიის ლიდერები. მისი პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს, რაზეც თავად მოგახსენათ. გასული თვეების მანძილზე ის აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, შესაბამისად წარმოდგენილი იყო როგორც მხარე. რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური. არჩილის მოსაზრება გახლდათ ის, რომ ამ პროცესში მისი აქტიური ჩართულობა, როგორც მხარისა, იყო გარკვეულწილად გამოწვევა შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციის განხორციელებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას.
არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის, პარტიის და საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ ერთხელ გადავუხდი განსაკუთრებულ მადლობას გაწეული მუშაობისთვის.
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავა.
მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები.
წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე.